Language Selector

Switch to English Переключить на русский ქართულ ენაზე გადასვლა

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

Historical Museum Of Ozurgeti

არქეოლოგია

 

დღევანდელი მონაცემებით გურიაში ადამიანის უძველესი ნაკვალევი პალეოლითიდან (ძველი ქვის ხანა) გვხვდება,რასაც ადასტურებს ხვარბეთ-ნაღობილევში აღმოჩენილი ძველი ქვის ხანის ნაშთები.

გურია განეკუთვნება საკაცობრიო ცივილიზაციის იმ კერათა რიცხვს,სადაც პირველად დაიწყო მითვისებითი მეურნეობიდან მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლა. ესაა ქვის ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი – ნეოლითი (ახალი ქვის ხანა), რომელიც კაცობრიობის ისტორიის ხანგრძლივ ეპოქას მოიცავს. ნეოლითურმა ტომებმა წარმოების განვითარებაში მოახდინეს თვისობრივი ძვრები, განავითარეს ქვის ინდუსტრია, გაჩნდა იარაღის ახალი სახეები, დაეუფლნენ მეურნეობას, ფეიქრობას, საფუძველი ჩაუყარეს მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას. ადრენეოლითური პერიოდიდან მოყოლებული მჭიდროდაა დასახლებული ანასეული I, ანასეული II და გურიანთა. ანასეული I საუკეთესოდ წარმოაჩენს ადრენეოლითურ უკერამიკო კულტურას, ანასეული II და გურიანთა გვიან(განვითარებულ) ნეოლითს, სადაც ქვის იარაღებთან ერთად გვხვდება მზრალად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, კაჟის, რიყის ქვისა და ობსიდიანისაგან დამზადებული დანები, სახვრეტები, ხელსაფქვავები, სათლელები, სატეხ-სასრესები, ცულები, მათ შორის გახვრეტილი, კაჟის ისრისპირები, წერაქვის მსგავსი იარაღები, ხელჩაქუჩები, შურდულის ქვები, სწორკედლიანი, პირგადაშლილი და ბრტყელძირიანი, უყურო თიხის ჭურჭლის ნატეხები, უმრავლესობა შემკულია ტალღისებური, ჭდეებიანი და ფოსოებიანი ორნამენტებით. ექსპონატების უმრავლესობა არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი, ნაწილი კი შემთხვევით მიწის დამუშავების დროს. ამ აღმოჩენებმა საფუძველი გაუმყარა მოსაზრებას – გურიაში მისახლეობის ადგილობრივი წარმოშობისა და მისი უძველესი კულტურის ავტოქტონური განვითარების შესახებ.
ადამიანის საზოგადოების მორიგი პროგრესი ლითონის საუკუნეზე გარდამავალი ეპოქაა. Gგურია გამოირჩევა ამ პერიოდის საინტერესო არქეოლოგიური მონაპოვრებით.ექსპოზიციაში ერთ-ერთი უადრესია შუა ბრინჯაოს პერიოდის ურეკის განძი. დიდი ადგილი აქვს დათმობილი მელექედურის, ბაღდადის, ვაკიჯვრის, შრომის, მაკვანეთის და ლაითურის ბრინჯაოს განძებს,რომლებიც შედგება დაზიანებული მშვილდის, თოხების, სეგმენტისებური იარაღების, ცულების, სატეხების,შუბისპირების, წალდების, დანებისა და მრავალრიცხოვანი ზოდებისაგან.
ისტორიული წარსულის ახალი ლაბირინთების მომცველია გვიანი ბრინჯაო  ადრე რკინის ხანა ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევარი I ათასწლეულის I ნახევარი. სამხრეთ დასავლეთ საქართველო, აჭარა-გურიის ტერიტორია კოლხური ტომობრივი გაერთიანების (დიაოხი,კოლხა) აკვანს წარმოადგენდა. აქვე მოქმედებდა რკინის წარმოების მძლავრი კერები(სუფსა-გუბაზეულის აუზი). ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ურეკ-წვერმაღალას სამაროვნებზე აღმოჩენილ გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის მრავალრიცხოვან მასალას, რომელიც  ასახავს კოლხეთის ძველი ისტორიის გარკვეულ ეტაპს, მოქცეულს ხანგრძლივი, უწყვეტი განვითარების ერთ ეთნოსოციალურ  გარემოში. აღნიშვნის ღირსია კერამიკული ნაწარმი – ტოლჩები, ვაზისებური ჭურჭელი, ყურმილიანი დოქები,სასმისები, ქოთნები, კვირისტავები, მრავალფეროვანი სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ცულები, დანები, სატევარები, აკინაკები, ისრისპირები, ჰარპუნები, უმბონები, სალესი ქვები, ტანსაცმელთან და ტუალეტთან დაკავშირებული ნივთები – ჩქიფები, მშვილდსაკინძები, ქინძისთავები, აბზინდები, დუგმები, პინცეტები, ხატისუღელები, სამაჯურები და რგოლები, ზარაკები, ბრინჯაოს ძეწკვები. მძივსამკაულიდან ყველაზე რიცხვმრავალია სერდოლიკისა და მუქი ყავისფერი სარდიონის, გიშრის, პასტის სხვადასხვა ზომისა და ფორმის მძივები. მცირედ არის წარმოდგენილი ბრინჯაოს პლასტიკა, მაგრამ რაც არის თამატურადაც იქცევს ყურადღებას და შესრულების თავისებურებითაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია კულტთან დაკავშირებული ფიგურები _ შველი,ხარი,დედაღმერთი (დედაღვთაება). თავისი პლასტიკურობით გამოირჩევა შვლის ქანდაკება, რომლის პირდაპირი ანალოგი კოლხურ მასალაში არ ჩანს. ხარის ქანდაკების შუბლისკენ დახვეული რქები თვალნათლივ მიუთითებს ხარის არაჩვეულებრიობაზე, ღვთაებრიობაზე. აშკარაა ეს ხარღვთაების ქანდაკებაა, რომელიც გუთნური მიწათმოქმედების მამოძრავებელი, გაღმერთებული გამწევი ძალაა. დედაღმერთის ქანდაკება არის ნაყოფიერების უზენაესი დედაღვთაება, რომელიც სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი.(ბერძნულად რეა). 
ანტიკურ ხანაში კოლხეთი წარმოადგენდა ძლიერ სახელმწიფოს. ბერძნები შავიზღვისპირეთს სწორედ კოლხეთის სამეფოს ძლიერების ხანაში გაეცვნენ. Aამ პერიოდში სამხრეთ დასავლეთ საქართველო ერთ-ერთი დაწინაურებული მხარე იყო განვითარებული მიწათმოქმედებით, მესაქონლეობით, თევზჭერითა და ხელოსნური წარმოებით. ძვ.წ. VI საუკუნიდან კოლხეთთან სავაჭრო-ეკონომიურ ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იონური სავაჭრი-სახელოსნო ცენტრები. აქაური კერამიკული თუ სხვა ნაკეთობები ნაპოვნია ბათუმის, ქობულეთ-ფიჭვნარის, ფოთის, ურეკის მიდამოების ნასახლარებზე და კოლხეთის შიდა რაიონებში. სწორედ ამ პერიოდისაა ურეკში ნაპოვნი ამფორა. Eესაა წითელი თიხის ორყურა, სქელკედლიანი, ვიწროყელიანი ჭურჭელი, რომელსაც ხმარობდნენ ღვინის,ზეითუნის ზეთის ან სხვა პროდუქტების(მარცვლეულის) შემოსატანად. Uურეკშივეა ნაპოვნი მინისებური ჭურჭელი _ მენზურა, რომლის სიმაღლე 34 სმ-ია, გარშემოწერილობა 34 სმ. Aაქვს მაღალი ტანი, ფუძე ოდნავ ჩაღრმავებული. მენზურის შიგნითა კედელზე ამოღარულია წრეები, რომელიც მოცულობის და ზომა-წონის მაჩვენებელი უნდა იყოს. საფიქრებელია, რომ სამედიცინო ტიპის დაწესებულებებში იგი გამზომი მენზურის ფუნქციას ასრულებდა და განეკუთვნება გვიან ანტიკურ ხანას. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ორიგინალური ორნამენტებით შემკული დიდი ლანგარი ურეკიდან. იგი საკმაოდ დიდი ზომისაა, მასიურია და მძიმე. შუაგულში მოთავსებულია რელიეფური ორნამენტირებული მედალიონი, დიდი რვაქიმიანი ვარსკვლავი. ლანგრის საერთო დეკორატიულ კომპოზიციაში მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია პლასტიკურად მოდელირებული ფართო არშია, რომელიც შედგება აჟურული ელემენტებისაგან. ურეკის ვერცხლის ლანგარი თავისი ხასიათით და ტექნიკური თავისებურებებით გვიანანტიკური ვერცხლის ჭურჭლის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს და დამზადების მაღალი ოსტატობით გამოირჩევა. ეს ლანგარი საინტერესოა იმითაც, რომ გვისაბუთებს საქართველოში ჩვ.წ. IV საუკუნეში  მტკიცედ იყო ფეხმოკიდებული ელინურ-რომაული ელემენტები და პარალელურად გრძელდებოდა მჭიდრო ურთიერთობა დასავლეთთან.
ურეკი და მისი მიდამოები ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი განძებით. განსაკუთრებულია გვიანანტიკური ხანის ოქროს საყურეები, ყელსაბამი, აგრაფი, ბალთები, ბეჭდები, სამაჯურები, მონეტები ძეწკვები. აქედან მუზეუმის ფონდებში დაცულია  ოქროს სამაჯურის ფრაგმენტი და ოქროს სამკერდული შემკული ალმადინის თვლებით, ოქროს კილიტები.

 

 

 

საიტის მფლობელია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. დაუშვებელიასაიტზე განთავსებული მასალების გამოყენება მფლობელთან შეთანხმების გარეშე

საიტი შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" მიერ პროექტის "კულტურის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის" ფარგლებში

საიტის მუშაობას უზრუნველყოფს Joomla CMS. გაფორმების საბაზისო თემა: TFJ ჰოსტინგს უზრუნველყოფს Ozurgeti.INFO

This website has been produced with the assistance of the European Union.
The content of this document is the sole responsibility of "Student-Youth Council" and can in no way be taken to reflect the views of the European Union