Language Selector

Switch to English Переключить на русский ქართულ ენაზე გადასვლა

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

Historical Museum Of Ozurgeti

ნუმიზმატიკა

 
 
დამთვალიერებლის ინტერესის საგანს წარმოადგენს ნუმიზმატური კოლექციებიც. გურია ანტიკურ ხანაში ჩართული იყო წამყვან ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებში და ამიტომაც ამ პერიოდიდან იწყება გურიის ტერიტორიაზე სამონეტო მიმოქცევა. ნუმიზმატური მასალიდან ყველაზე ადრეულია ,,კოლხური თეთრი”, რომლის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებულ ბერძნულ ახალშენებს. მისი მოჭრა დაიწყო ძვ.წ. VI საუკუნეში. ,,კოლხური თეთრი” ძირითადად დასავლეთ საქართველოში მიმოიქცეოდა და მისი მოჭრა შეწყდა ძვ.წ. IV საუკუნის I ნახევარში. მუზეუმში დაცულია 12 ერთეული კოლხური თეთრისა.
გურიაში ფართოდ მიმოიქცეოდა თურქული ფული. გურია თურქეთის მოსაზღვრე სამთავრო იყო და ტერიტორიული სიახლოვე განაპირობებდა არა მარტო სავაჭრო ურთიერთობებს, რაც თავისთავად გულისხმობდა თურქული ფულის მიმოქცევას. თურქული მონეტების ნაწილი აღმოჩნდა ლიხაურსა და გომში და თარიღდება XVIII საუკუნით. ბევრია თურქული ახჩების ნომინალებიც. ესაა ვერცხლის თურქული ფულის ერთეული, შემოღებული XV-XVII სს. ახჩა ფართოდ გავრცელდა საქართველოში და მისი ნომინალებიც მოიჭრა. მუზეუმში მრავლადაა  ამ პერიოდის თურქული ახჩების ნომინალები. აქვეა ვერცხლის ევროპული (ავსტრიული, იტალიური, ესპანური) მონეტები, რომლებიც საცდელი ნაკვეთის დამუშავების დროს იქნა ნაპოვნი და სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია ოზურგეთის (მახარაძის) განძის სახელით. ყველაზე ადრეული მათგან XVI საუკუნით, ხოლო ყველაზე გვიანდელი XVII საუკუნით თარიღდება. ექსპოზიციაში შეხვდებით სოფ.ცხემლისხიდში ნაპოვნ 10 ცალ ვერცხლის პოლონური მონეტას, მოჭრილს მეფე სიგიზმუნდ III-ის მიერ 1622-25 წლებში. როდესაც ოსმალეთმა კონსტანტინეპოლის აღებით გადაკეთა შავი ზღვის სრუტეები, საქართველოდან ევროპაში წასასვლელ უმოკლეს გზად პოლონეთ-ლიტვის ტერიტორიაზე გავლით მდ. დნეპრი დარჩა. სახმელეთო გზით აქტიურ მიმოსვლას თავისთავად მოჰყვებოდა ფულადი მიმოქცევაც. ამიტომაც არაა გასაკვირი პოლონური მონეტების გავრცელება საქართველოში.
უცხოური მონეტების გარდა გამოფენაში გვხვდება ქართული მონეტები: დავით აღმაშენებლის, გიორგი III-ის, თამარ მეფის, ლაშა-გიორგის,რუსუდანის, სიმონ I-ის, ბაქარის, ერეკლე II-ის. ოქროს მონეტებიდან აღსანიშნავია ალექსანდრე მაკედონელის მონეტა. აგრეთვე თურქული წარმოშობის ოქროს მონეტა, რომელიც აღმოჩნდა ვაშტიალში (სოფ.ლიხაური) საკარმიდამო ნაკვეთში.

საიტის მფლობელია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. დაუშვებელიასაიტზე განთავსებული მასალების გამოყენება მფლობელთან შეთანხმების გარეშე

საიტი შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" მიერ პროექტის "კულტურის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის" ფარგლებში

საიტის მუშაობას უზრუნველყოფს Joomla CMS. გაფორმების საბაზისო თემა: TFJ ჰოსტინგს უზრუნველყოფს Ozurgeti.INFO

This website has been produced with the assistance of the European Union.
The content of this document is the sole responsibility of "Student-Youth Council" and can in no way be taken to reflect the views of the European Union