Language Selector

Switch to English Переключить на русский ქართულ ენაზე გადასვლა

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

Historical Museum Of Ozurgeti

ლიხაურის ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი

 

ქართველი ერის გამორჩეული მეცნიერ-მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის (1863-1953წ.წ.) მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ლიხაურში აშენდა და გაიხსნა 2010 წლის ნოემბერში. ეს ბევრი ათწლეულის ნატვრა აღასრულა ექვთიმე თაყაიშვილის ფონდის დამფუძნებელმა, მეცენატმა ზაზა სიორიძემ. აღსანიშნავია ბატონი ზაზას მეუღლის-ქალბატონ ნინო მამარდაშვილის პირადი ინიციატივა და წვლილი საგამოფენო სივრცის ექსპონატებით შემკობაში. ამ კეთილშობილურ საქმეში მათ გვერდით ედგათ ლიხაურის მკვიდრი თამაზ სალუქვაძე და არქიტექტორი საყვარელ სალუქვაძე. სწორედ მათი ფინანსური და ინტელექტუალური ძალისხმევით დაფუძნდა ეს კულტურული კერა, რომელიც მესამე წელიწადია, სულიერად აღაფრთოვანებს წმინდა ექვთიმე ღვთისკაცად ამაღლებული მამულიშვილის შთამომავლობას. უკვე 2013 წელი აღმოჩნდა გამორჩეული ლიხაურის მუზეუმის ახალბედა ბიოგრაფიაში; ერთის მხვრივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა და, მეორეს მხვრივ, ზემოთხსენბულ დამფუძნებელთა შეუნელებელი ზრუნვით, ამ მოკლე დროის მანძილზე, მოხერხდა მუზეუმის სათანადოდ მომზადება და იგი თავდაჯერებული შეხვდა ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 150-ე წლისთავს. სწორედ ამის გამოც გაიზარდა მნიშვნელოვნად დამთავლიერებელთა ნაკადი, რომელთა დიდი წილი მოსწავლე-ახალგაზრდობაზე მოდის ანუ ორგანიზებულ საექსკურსიო ჯგუფებზე. მათი ასეთი ინტერესი შესაბამისად უებარი მოტივაციაა მუზეუმისათვის, აღასრულოს უპირველესი მოვალეობა-მომავალ თაობებს დაწვრილებით და ზუსტად გააცნოს ჩვენი ერის კულტურული ისტორიის დამფუძნებელნი და მოამაგენი.  მათ შორის სრულიად განსაკუთრებული მისიის მატარებელია სამშობლოს სიყვარულითა და მოვლა-პატრონობით ზეშთაგონებული ექვთიმე თაყაიშვილი. ხოლო აქ შეძენილი მუხტი უცილობლად იქცევა იმ ენერგიად, რომელიც ასე გვჭირდება, რათა, ახლა უკვე ყველამ ერთად, ვაშენოთ თავისუფალი საქართველო, რომელზე ოცნებასა და საძირკვლების შექმნას შეალიეს სიცოცხლე და ნიჭიერება ჩვენი ისტორიის გამორჩეულმა შვილებმა. მუზეუმი წარმოადგენს დასავლურ-ქართული ტიპის გურულ ოდა-სახლს, ცოტათი სტილიზებულსა და იდიალიზებულს და ამდენად თავისთავადაც გახლავთ არქიტექტურულ-ეთნოგრაფიული ნიმუში. ეს კი ძალზედ საინტერესოა უცხოელი ტურისტებისათვის და, ვფიქრობთ, არანაკლებ - ახლანდელი და  მომავალი ქართველი თაობებისთვისაც. იგი განთავსებულია გემოვნებით მოწყობილ ეზო-გალავანში, რაც ამაღლებულ განწყობას ქმნის სტუმართათვის. მუზეუმს ოთხი საექსპოზიციო დარბაზი აქვს. მოეპოვება ფოტომასალა, უნიკალური წიგნები, ნივთები თუ სხვა საშუალებები, რათა მუზეუმისათვის შესაფერისი კუთხით უზრუნველყოს დამთვალიერებელთა ინტერესი. ისეთი ზებუნებრივად მდიდარი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მოღვაწისადმი, როგორიც აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ, მრავალმხვრივ მეპირველე, და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მას ჩვენებურები უწინარესად და ძირითადად ეროვნული საგანძურის გადარჩენისათვის ეთაყვანებიან, ხალხის ინტერესიც სპეციფიკურად გამორჩეულია; სამწუხაროდ, რაღა გასაკვირია, ამ გაზრდილი წადილის დაკმაკოფილება ლიხაურის მუზეუმს ჯერხანად მაინც სრულად არ ძალუძს, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს შესაძლებელია ქვეყანაში დაცული და მოვლილი, იმ სამუზეუმო, საარქივო თუ სხვა მეცნიერულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც განთავსებულია და ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მაშტაბით. ამრიგად ჩვენი მუზეუმი ამასთანავე ერთგვარ გზამკვლევსაც წარმოადგენს ახალგაზრდათათვის შემდგომი მათი ჰარმონიული მისწრაფებების გაღვიძებისათვის. ლიხაურის ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი განვითარების პროცესშია. ამისათვის იღვწის კიდეც ბევრი მასზე მზრუნველი, რომელთაც გულწრფელ და თავაზიან მადლობას ვწირავთ, ხოლო ყოველი ახალი სტუმარი იმის მაიმედებელია, რომ ექვთიმე თაყაიშვილის თვალშეუდგამი პატრიოტული ღვაწლი მშობელი ქვეყნის წინაშე მწედ და შარავანდედად გაჰყვება მის მადლიერ შთამომავლობას ახალი საქართველოს ყოველმხრივი შენება-გაძლიერების ძნელსა და საპატიო გზაზე.

საიტის მფლობელია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. დაუშვებელიასაიტზე განთავსებული მასალების გამოყენება მფლობელთან შეთანხმების გარეშე

საიტი შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" მიერ პროექტის "კულტურის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის" ფარგლებში

საიტის მუშაობას უზრუნველყოფს Joomla CMS. გაფორმების საბაზისო თემა: TFJ ჰოსტინგს უზრუნველყოფს Ozurgeti.INFO

This website has been produced with the assistance of the European Union.
The content of this document is the sole responsibility of "Student-Youth Council" and can in no way be taken to reflect the views of the European Union