Language Selector

Switch to English Переключить на русский ქართულ ენაზე გადასვლა

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

Historical Museum Of Ozurgeti

ხელოვნების განყოფილება

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ხელოვნების განყოფილებაში სხვადასხვა ტიპის, ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით საინტერესო მასალაა დაცული. მარტო ფერწერა რად ღირს?! ასეთი 143 ტილოა ჩვენთან. აღსანიშნავია გრაფიკული ნამუშევრები.მათი რაოდენობა 94 შეადგენს. გამოვყოფდით ჩვენს სკულპტურულ ნიმუშებს ასეთი ჩვენთან 5-ია. ჭედურობა 1

ოზურგეთელი მხატვრები

ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ისტორიაში  ლადო მალაზონია  იყო პიონერი, ვინც მოახერხა სახელოსნოდან გასვლა და ქალაქის ექსტერიერში ეტიუდების კეთება. მან შექმნა ქალაქ ოზურგეთის ძალზე საინტერესო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მნიშვნელობის ჩანახატები თუ ეტიუდები, რომლებიც ასახავენ მე-20 საუკუნის სოციალურ ყოფასა და ლანდშაფტურ რეალობას.
შოთა დარჩია - ნიჭიერი, თვითმყოფადი მხატვარი, სცენოგრაფი, რომელიც წლების მანძილზე ოზურგეთის თეატრალურ ცხოვრებას თავისი ფუნჯით გამოკვეთილი კვალი დაამჩნია.Mმის ნახატებში ასახულია გურიის ისტორიული წარსული. მუზეუმის კოლექციაში დაცულია მისი "ჯანყი გურიაში", "გურული გლეხის ტიპი".
გერონტი ღლონტი - უაღრესად ნიჭიერი, თვითმყოფადი შემოქმედი, რომლის ფერწერა და გრაფიკა გამოირჩევა ეროვნული კოლორიტის ღრმა შეგრძნებით და გარემომცველი ბუნების ტილოზე გადატანის მეტად თავისებური მანერით. მის შემოქმედებაში ცალკე გამოიყოფა უამრავი გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც ასახავენ ძველი  გურიის პეიზაჟებს.
შოთა ლომაძე - ნიჭიერი მხატვარი გრაფიკოსი, გრავიურის დიდი მცოდნე. ცნობილია მის მიერ შესრულებული სურათების სერია "გურიაში", "ალაგე", "ნატურმორტი", "გურიის პეიზაჟი", "ბერიკაცი" და სხვ. 
ცნობილი ფერმწერის, პეიზჟისტისა და საყურადღებო პორტრეტისტის ივანე (ჩითან) გუგუნავას ნამუშევრებიდან აღსანიშნავია მხატვრის ძმის "ვარდენი"-ს და "პატარა სიმონ ჯახუტაშვილის" პორტრეტები. მხატვრის შედევრად აღიარებულია სურათები "გურული ოდა", "შემოღამება ბახვის წყალზე", "ჩონგურზე დამკვრელი ქართველი ქალი", "სალომეს პორტრეტი"-რომელიც დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
დარბაზის ერთ კედელს ფარავს მხატვარ ბიძინა გორგაძის  მხატვრული ტილო "ტყვეთა სყიდვა", რომელიც ასახავს მოტაცებული ქალ-ვაჟებით ვაჭრობას. იგი დამთვალიერებელს მოუთხრობს ჩვენი წარსული ცხოვრების იმ სამარცხვინო პერიოდზე, როდესაც დასავლეთ საქართველოში დათარეშობდნენ (უფრო მეტად სამეგრელოსა და გურიაში) თურქული ბანდები, რომლებიც შეკრული იყვნენ ზნედაცემული თავადაზნაურების გარკვეულ ნაწილთან და მათი საშუალებით იტაცებდნენ ქალებსა და ვაჟებს, გადაჰყავდათ გურიიდან - შეკვეთილიდან სამეგრელოში-ანაკლიაში, შემდეგ თურქეთში, სადაც ტყვეთა ბაზარზე იაფად ჰყიდნენ როგორც პირუტყვს და გადაჰყავდათ სტამბოლში, ტრაპიზონში და სხვაგან.
მხატვარი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) სოფ.დაიბადა ასკანაში. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში და ამავე დროს ეცნობოდა სამუზეუმო საქმესაც. 1916წ. საქართველოში დაბრუნდა და დააარსა "ქართველ ხელოვანთა საზოგადოება". მისი უშუალო ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა ხელოვნების პირველ მუზეუმს საქართველოში, შეისწავლა ფიროსმანის შემოქმედება, განუზომელი ღვაწლი მიუძღვის ქართული ისტორიული ძეგლების შესწავლასა და დაცვაში, მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის თაოსნობით სამხრეთ საქართველოში მოწყობილ ექსპედიციაში, შექმნა უნივერსიტეტის გერბი და ბეჭედი, შექმნა ქართული სასტამბო შრიფტის გრაფიკული მოხაზულობის ახალი ვარიანტი. ავტორია ფერწერული და გრაფიკული პორტრეტებისა, იყო ქართული თეატრალური და კინოს მხატვრობის ერთ-ერთი პიონერი. დ. შევარდნაძე გახდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი.
მხატვარი შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე (1895-1921) სოფ. ბახვში დაიბადა. მან დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ კი ჩაირიცხა მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ჯგუფში. საქართველოში არდადეგებზე ჩამოსული ერთვება ქართველ ხელოვანთა საზოგადოების საქმიანობაში. პარალელურად თანამშრომლობს ჟურნალებთან, ქმნის პორტრეტების სერიას. მოგვიანებით სასწავლებლად პარიზში მიემგზავრება. მისი გამოფენები ეწყობოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. გარდაიცვალა გერმანიაში, ფრაიბურგში.
მუზეუმში დაცულია საქართველოს სახალხო მხატვარის, შ. რუსთაველის პრემიის ლაურიატის ფერმწერისა და გრაფიკოსის ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები (ესკიზები): "მაიკო", "მეჩაიეები", "თამარ მეფე და შ.რუსთაველი".
ასევე საქართველოს სახალხო მხატვარის სევერიანე მაისაშვილის მხატვრული ტილოები: "ნასაკირალის აჯანყება",  "სტალინი გურულ გლეხებთან", "ჩოგბურთი", "ცხენბურთი".

საიტის მფლობელია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. დაუშვებელიასაიტზე განთავსებული მასალების გამოყენება მფლობელთან შეთანხმების გარეშე

საიტი შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს" მიერ პროექტის "კულტურის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის" ფარგლებში

საიტის მუშაობას უზრუნველყოფს Joomla CMS. გაფორმების საბაზისო თემა: TFJ ჰოსტინგს უზრუნველყოფს Ozurgeti.INFO

This website has been produced with the assistance of the European Union.
The content of this document is the sole responsibility of "Student-Youth Council" and can in no way be taken to reflect the views of the European Union